ართული ნის როვნული ორპუსი
The Georgian National Corpus
კორპუსის გამოყენება

ამ გვერდზე მოცემულია ქართული ენის ეროვნული კორპუსის გამოყენების ინსტრუქცია მათთვის, ვისაც კორპუსული კვლევების გამოცდილება არ გააჩნია ან პირველად იყენებს ქეეკ-ს.

დაწვრილებითი ინფორმაცია კორპუსის სამომხმარებლო ინსტრუმენტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საგანგებო გვერდზე დოკუმენტაცია.

(ქვე)კორპუს(ებ)ის არჩევა

ქართული ენის ეროვნულ კორპუსში განთავსებული ყველა ქვეკორპუსი ჩამოთვლილია კორპუსების სიაში. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი ქვეკორპუსი ან ერთდროულად რამდენიმე ქვეკორპუსი. დააწკაპეთ თქვენს მიერ ამორჩეულ ქვეკორპუსს. მონიშნული კორპუს(ებ)ი ასეთ შემთხვევაში გააქტიურდება შემდგომი ძიების ან სხვა სახის კორპუსული ოპერაციების ჩასატარებლად.

კორპუსის ტექსტების გამოტანა/ჩვენება

ქეეკ-ში შემავალი ქვეკორპუსების ტექსტები, როგორც ძველი ქართულის (GNC ძველი ქართული), ისე საშუალი ქართულის (GNC საშუალი ქართული) და ახალი ქართული ენისათვის (GNC ახალი ქართული), ჩამოთვლილია ტექსტების სიაში. თითოეულ ტექსტს თან ახლავს მეტამონაცემი ავტორის, სათაურის, შექმნის თარიღის, ენობრივი ვარიანტის და ტექსტის ჟანრის შესახებ. კრებულებსა და ტექსტურ კოლექციებში შესული ტექსტების ჩამონათვალის გასახსნელად დააწკაპეთ ნიშანს [+], რომელიც განთავსებულია კრებულის ან კოლექციის სათაურის ან ავტორის სახელის მარცხენა მხარეს.

თუ თქვენ დააწკაპებთ ტექსტის სათაურს, გამოჩნდება მეტამონაცემები მონიშნული ტექსტის შესახებ (ტექსტის წყაროს, გამოცემის, გამოყენების შესაძლებლობის შესახებ და სხვა).

თავად ტექსტის გასახსნელად დააწკაპეთ ღილაკს [ტექსტი], რომელიც განთავსებულია სათაურის მარჯვენა მხარეს. შერჩეული ტექსტი გამოჩნდება ახალ გვერდზე. აქედან თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ მომდევნო გვერდებზე, თავებზე და დაბრუნდეთ უკან.

თუ თქვენ დააწკაპებთ ტექსტში მოცემულ რომელიმე სიტყვას, გამოჩნდება ფანჯარა, რომელშიც მოცემულია მონიშნული სიტყვის გრამატიკული მახასიათებლები (სიტყვის ნორმირებული ფორმა, ლემა და მორფოსინტაქსური ნიშნები). გაითვალისწინეთ ის გარემოება, რომ კორპუსის საანალიზო ინსტრუმენტები დახვეწის პროცესშია და შესაძლოა დასახელებული ინფორმაციები შეიცავდეს უზუსტობებს.

კორპუსში ძიება

ამორჩეულ (ქვე)კორპუსში ან (ქვე)კორპუსებში ძიების განსახორციელებლად გადადით გვერდზე ძიება.
ქართული ენის ეროვნული კორპუსის სამომხმარებლო ნიღაბი კორპუსში ძებნის სამგვარ შესაძლებლობას (მოდუსს) გთავაზობთ.

საბაზისო ძებნა

ძებნის საბაზისო მოდუსის არჩევის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ საძიებო ველში შეიტანოთ სიტყვა, ფრაზა ან წინადადება. აკრიფეთ თქვენთვის სასურველი ფორმა და დააწკაპეთ ღილაკს ძებნა. თქვენ არ გჭირდებათ ბრჭყალების, საგანგებო ნიშნების ან რაიმე სხვა სახის მარკირების გამოყენება. აკრიფეთ სიტყვები ისე, როგორც ისინი იწერება. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიშანი (*), რომელიც ძებნის პროცესში შეესაბამება „ნებისმიერ ნიშანს”.

მაგალითად: თუ თქვენ საძიებო ველში ჩაწერთ „წერილ*”, მაშინ კორპუსში მოიძებნება არა მარტო ისეთი ფორმები, როგორიცაა „წერილი”, „წერილს”, „წერილებს”, არამედ „დაწერილი” და ა.შ.

თქვენ შეგიძლიათ ძებნა განახორციელოთ მთლიან კორპუსში ან შეზღუდოთ იგი ქვეკორპუსის ფარგლებში, მაგალითად, ენის რომელიმე პერიოდის (ძველი ქართული, საშუალი ქართული, ახალი ქართული) ან ჟანრ(ებ)ის, ავტორ(ებ)ის, ნაწარმოების მიხედვით. დააწკაპეთ ღილაკს არჩევა იმ ატრიბუტების გვერდით, რომელთა მიხედვითაც გსურთ ძიების შეზღუდვა. ასეთ შემთხვევაში გაიხსნება ფანჯარა, რომელშიც შეგიძლიათ მონიშნოთ თქვენთვის სასურველი პერიოდი, ჟანრი, ავტორი, ნაწარმოები ან სხვ.

გაფართოებული ძებნა

საბაზისო მოდულის ფარგლებში ძებნა ყოველთვის ვერ აკმაყოფილებს ჩვენს სამეცნიერო ინტერესებს. ბევრი საინტერესო საკითხი საგანგებო, გაფართოებულ ძებნას მოითხოვს.

გაფართოებული ძებნის მოდუსის ფარგლებში თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, ძებნა განახორციელოთ რეგულარული გამოსახულებების გათვალისწინებით. ამასთან, ძებნის ეს მოდუსი საშუალებას გაძლევთ საგანგებოდ შემუშავებული მენიუს გამოყენებით კომბინირებულად, რამდენიმე ნიშნის მიხედვით განახორციელოთ ძებნა ან გარკვეული პირობების გათვალისწინებით შეზღუდოთ (სიტყვების, სტრუქტურული ელემენტების) ძებნის პროცესი კორპუსში.

თქვენ აქაც შეგიძლიათ დამატებით გამოიყენოთ იგივე მენიუ, რომელიც მარტივი ძებნის დროს გამოიყენება, ანუ განახორციელოთ ძებნა ენის რომელიმე პერიოდის (ძველი ქართული, საშუალი ქართული, ახალი ქართული) ან ჟანრ(ებ)ის, ავტორ(ებ)ის, ნაწარმოების ფარგლებში.

CQL-ის (კორპუსში ძიების ენის) გამოყენება ძებნისას

კორპუსის საძიებო სისტემასთან მიმართების პირდაპირი და ყველაზე მოსახერხებელი საშუალება არის ძიების განხორციელება CQL-ის (Corpuscle Query Language) მეშვეობით. კორპუსში ძიების საგანგებო ენა აღწერილია საგანგებო ბმულში ძიების ენა (იხ. ინგლისურად).

კორპუსში მარტივი ან გაფართოებული ძებნა შეგიძლიათ განახორციელოთ რეგულარული გამოსახულებების მიხედვითაც, თუ თქვენ დააწკაპებთ ღილაკს საძიებო გამოსახულებები.

თუ თქვენ გსურთ შესაბამის ველში გრაფიკულად თავად შეიტანოთ რეგულარული გამოსახულებები, CQL-ძიების ენა ავტომატურად გააქტიურდება, რათა მოახდინოს თქვენი არჩევანის რეფლექტირება. ეს არის ინტუიტიური გზა იმისათვის, რომ ვისწავლოთ, როგორ განვახორციელოთ კორპუსთან მიმართებაში შეკითხვის ფორმულირება. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ რეგულარული გამოსახულებების მოდიფიცირება და ღილაკზე გრაფიკული ძებნის შექმნა დაწკაპებით განახორციელოთ განახლებული ძებნა.

ძებნა ტრანსლიტერაციის გამოყენებით

თქვენ შეგიძლიათ ტრანსლიტერაციის მეშვეობით განახორციელოთ ძიება ძებნის სამივე მოდუსში. ქართული გრაფემების ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ლათინური გრაფემები (ASCII). ტრანსლიტერაციის წესები იხ. ამ გვერდზე. ტრანსლიტერაციის გამოყენებით ძებნა გამოსადეგია იმ მეცნიერთათვის, რომლებიც არ იყენებენ ქართულ გრაფემებს ან იმ შემთხვევისათვის, როდესაც ქართული კლავიატურის გამოყენება რაიმე მიზეზის გამო შეუძლებელია.

კონკორდანსი

საძიებო გვერდზე ძებნის განხორციელების შემდეგ შესაძლებელია კონკორდანსის გამოძახება. კონკორდანსის გენერირებისათვის დააწკაპეთ ღილაკს კონკორდანსი.


Design & implementation: Design & implementation: Paul Meurer, Universitetet i Bergen, CLARINO Centre, 2025 | Copyright (C) GNC Project 2011 – 2025